პაატა ზაქარეიშვილი: გუშინდელი ამბავი შემაშფოთებელია, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსი თუ გავრცელდა, მკურნალობის მხრივ პრობლემები შეექმნებათ

კონფლიქტოლოგის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთეული შემთხვევებია, ისინი ამ გამოწვევებს უმკლავდებიან, მაგრამ, თუ ინფექცია გავრცელდება, მკურნალობის მიმართულებით პრობლემები შეექმნებათ. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, Covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში შემაშფოთებელია, რადგანაც ინფიცირებული პირი იზოლაციაში არ იყო და ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
„ინფორმაცია რაც გვაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ისინი მზად არიან ამ გამოწვევისთვის. თავად აფხაზები და ოსებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და ინფექციის სერიოზული აფეთქების შემთხვევაში ეპიდემიას ვერ გაუმკლავდებიან.

ცხინვალის რეგიონში ჯერჯერობით ვირუსი არ დაფიქსირებულა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთი დაფიქსირდა, ზუგდიდში გადმოვიდა ეს ქალბატონი და მეორე გუშინ დადასტურდა. ეს ბატონი გაგრიდანაა და გუდაუთის საავადმყოფოშია მოთავსებული. შეიძლება ითქვას, ერთ-ორ ადამიანს პატრონობენ. სანამ უკონტროლო გავრცელება არ იქნება, მანამდე ჯერჯერობით როგორც ამბობენ, კონტროლის რესურსები გააჩნიათ.
გუშინდელი ამბავი შემაშფოთებელია იმდენად, რამდენადაც ეს ბატონი აფხაზეთის ტერიტორიაზე 29 მარტს შემოვიდა რუსეთიდან, 29-დან 4 აპრილამდე არავითარი მნიშნები არ ჰქონდა. მთელი 6 დღე ქალაქში მოძრაობდა, კონტაქტები ჰქონდა თანამოქალაქებთან. ამიტომ, ეშინიათ, რომ შეიძლებოდა ამ ადამიანის მიერ გავრცელება მომხდარიყო. თუ ამ კლასტერიდან გავრცელდა, მაშინ შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს დაინფიცირებული და შეიძლება პრობლემები შეექმნათ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების დასახმარებლად საქართველო მზადაა. როგორც პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, აფხაზები საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესს გამოხატავენ და ეს იგრძნობა.
„მათ რუსები ეხმარებიან ლაბორატორიულად, ოღონდ არ გადაჰყავთ ავადმყოფები თავისთან, არ მკურნალობენ რუსეთში. სხვა მხრივ იქნება ეს ტესტები, ლაბორატორიული მომსახურება, აღჭურვილობა, თუ ჩაცმულობა ისინი ამას იღებენ რუსეთიდან, ქართული მხრიდან მიიღეს 2-3-ჯერ დახმარება. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მეტ-ნაკლებად დახმარებას უწევს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ტესტების რაოდენობასა და აღჭურვაში პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ვირუსმა გავრცლების ფორმა მიიღო, მკურნალობაში პრობლემები ნამდვილად შეექმნებათ.
ზუგდიდში ინფექციური საავადმყოფოა, რომელიც მომზადებულია ასეთი გამოწვევებისათვის. ის ქალბატონი, რომელიც დადასტურებულად იყო ინფიცირებული კორონავირუსით, მოთავსდა არა რუხში, არამედ ზუგდიდში. რუხში მოათავსეს ის ადამიანები, რომლბთანაც ამ ქალბატონს კონტაქტი ჰქონდა, ვინც კარანტინს ექვემდებარებოდა. საქართველო მზადაა, მე აღტაცებული ვარ ჩვენი მედიცინით, როგორც შიდა ქართულ კონტექსტში, ისე აფხაზურ და ოსურ ურთიერთობებში. თუმცა ოსური საზოგადოება ჩაკეტილია და არ გამოთქვამს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ინტერესს. აფხაზები გამოხატავენ, ეს თანამშრომლობა იგრძნობა და კარგია“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები