ირაკლი ჩიქოვანი: მკაცრად კონტროლდება სამშენებლო ობიექტებიც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული რეგულაციები სრულად უნდა იყოს დაცული
საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე სამშენებლო ობიექტები მკაცრად კონტროლდება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული რეგულაციები და რეკომენდაციები სამშენებლო ობიექტებზე სრულად უნდა იყოს დაცული.
“კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზეც, არის მკაცრი კონტროლი. შემოწმებულ იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და ამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. გვქონდა შემთხვევები, სადაც სრულად იყო დაცული რეგულაციები, თუმცა იყო შემთხვევები, სადაც ეს რეკომენდაციები არ იყო უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო და ისინი არ გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეძლებენ, სრულად დააკმაყოფილონ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებისათვის”, – განაცხადა ჩიქოვანმა.