როდის უნდა გადაიხადონ საგანგებო რეჟიმის დროს სამართალდამრღვევმა პირებმა ჯარიმა და აქვთ თუ არა მათ გასაჩივრების უფლება – შსს-ს განმარტება
პოლიცია, ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თუ როდემდე აქვს სამართალდამრღვევ პირს ჯარიმის გადახდის ვადა, ამის შესახებ უწყებაში დამატებით განმარტებას აკეთებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირი უფლებამოსილია, დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა. ამასთან, გასაჩივრება აღნიშნულ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის N181 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. შესაბამისად, პირი უფლებამოსილია, დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირს გასაჩივრება არ ეზღუდება. მთავრობის დადგენილების ზემოაღნიშნული ჩანაწერი პირს არ ართმევს გასაჩივრების უფლებას, არამედ მხოლოდ უხანგრძლივებს გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადებს. შესაბამისად, პირს შეუძლია, დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში”, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისათვის, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა.