მეჯვრისხევში მცხოვრებ, კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებში კოვიდ-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დასტურდება, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით თერმოსკრინინგით 5 800-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა.
“გუშინდელმა ღამემ ისევ მშვიდობით ჩაიარა რეგიონში. ერთეული შემთხვევები იყო კანონდარღვევისა. ბუნებრივია, ყველა ასეთ შემთხვევაზე მკაცრი რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე. ცხელების რამდენიმე შემთხვევაც გვქონდა, მათი ნაწილი თვითიზოლაციის პირობებში განაგრძობს დაკვირვებას.
რაც შეეხება მეჯვრისხეველ კაცს – ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას იმ ქვეყანაში, სადაც დაუდასტურდა ვირუსი. სხვა მხრივ, გარშემო და თეორიულად კონტაქტში მყოდი ადამიანების თვალსაზრისით, რაიმე გართულება არ არის.
თემორსკრინინგით გუშინ გადამოწმდა 5800-ზე მეტი ადამიანი”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში 5 აპრილს დაფიქსირდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 – გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 პირია.