გასულ კვირაში ლარი, დაახლოებით, 8 %-ით გამყარდა – რა გავლენა იქონია კურსზე სავალუტო ჯიხურების დახურვამ
bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.17 ლარი ღირს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თითქმის 23 %-იანი გაუფასურების შემდეგ, ბოლო 10 – 12 დღის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, 8 %-ით გამყარდა.
როგორც ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, ლარის გაუფასურება წლის დასაწყისში, კერძოდ, მარტში, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ აჟიოტაჟსა და, გარკვეულწილად, ეროვნული ბანკის არათანმიმდევრულ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდებოდა. როგორც ჯანიაშვილი განმარტავს, მარტის მეორე ნახევარში ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 3 მილიარდ ლარზე მეტი გაუშვა, რაც გახდა კიდეც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი.
ჯანიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 100 მილიონი დოლარი გაიტანა, ამან ვერ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა კურსის დასტაბილურებაზე, თუმცა ლარის გაუფასურება გარკვეულწილად შეჩერდა.
ჯანიაშვილის თქმით, გასულ კვირაში ლარის 3,45 ნიშნულიდან 3.15 მდე ჩამოსვლა სავალუტო ჯიხურების დაკეტვამაც განაპირობა.
,,სავალუტო ჯიხურების დაკეტვამ ჩააცხრო პანიკა. ლარი ნელ-ნელა გამყარებისკენ წამოვიდა, კარგი საქმე გაუკეთა. მართალია, უცხოურ ვალუტაზე წვდომა შემცირდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ კურსზე ასახულიყო. ჩემი აზრით, სებ-ს აქვს სხვა ბერკეტიც, რომ ლარის სტაბილიზაცია უზრუნველყოს, თუნდაც ის, რომ ფულის, ლარის მასა შეამციროს”, – აცხადებს ჯანიაშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმოქცევაში არსებული ლარის მასის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, ეროვნულ ბანკში ამას არ აღიარებენ.