გვიან ღამით ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან 180 მოქალაქე სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. თერმოსკრინინგის გავლის შედეგ ისინი საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
აჭრაში კარანტინში 2000-მდე პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი 200 მოქალაქეა. ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა 70 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც, მედიკოსების განმარტებით, კრიტიკულია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 36 უკვე გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 330 პირია.