ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და დიასპორებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს იმ ქვეყნების საელჩოებთან და საკონსულოების წარმომადგენლებთან, სადაც ეპიდემია მძვინვარებს. ისინი ვიდეოჩართვის საშუალებით საქართველოს ელჩებს იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ბელგიასა და საბერძნეთში ესაუბრნენ.
გარდა ამისა, ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე იმავე ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართულ დიასპორებსაც დაუკავშირდნენ. ისინი იმ დიასპორულ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ, რომლებიც ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი საერთაშორისო კრიზისცენტრის საქმიანობაში არიან ჩართული.
„ვიდეოკონფერენციის მიზანი ის იყო, რომ გავცნობოდით ოპერატიულ ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ და იმ პრობლემატიკის, იმ თემატიკის გამოკვეთა, რაზეც შეიძლება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ერთობლივად მოხდეს ადეკვატური რეაგირება. ასეთი ტიპის ვიდეოჩართევები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. საბოლოო ჯამში ყველა საკითხთან დაკავშირებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც გასული კვირების მანძილზე ხორციელდებოდა. ეს არის შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ასევე კომიტეტის ფარგლებში გამართული მოსმენები ემიგრაციის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს პროცესი კვლავაც სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება.