ოზურგეთის საკათედრო ტაძარში მომხდარი ქურდობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიების შედეგად 2 არასრულწლოვანი ამხილეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.