რა ფაქტორები მოქმედებს ლარზე – “საზოგადოება და ბანკების” განმარტებები

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” შეფასებით, COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება რეგიონზე და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე.

ორგანიზაციის განმარტებით, წლის დასაწყისიდან ლარი ინარჩუნებდა პოზიციებს დოლართან მიმართებით, თუმცა მას შემდეგ, რაც ეპიდემია გაძლიერდა და დაიწყო ეკონომიკური რყევები, რასაც ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნაც დაერთო, ლარის გაუფასურებაც დაიწყო.

“საზოგადოება და ბანკები” ლარის გაუფასურების კიდევ რამოდენიმე ფაქტოს ასახელებს:

ტურიზმი – მას შემდეგ, რაც ქვეყნების დიდი ნაწილი ერთმანეთის მიყოლებით ჩაიკეტა და ტურისტული მიმოსვლები შეწყდა (თებერვლის ბოლო), ლარმა მყისიერად დაიწყო გაუფასურება.

საერთაშორისო გზავნილები – უდიდესი წილი რუსეთიდან და იტალიიდან შემოდის. იტალიაში ეპიდაფეთქების გამო შეწყდა ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად, საქართველოსკენ ფულადმა ნაკადმაც საგრძნობლად იკლო. ნავთობის ფასის დრამატულმა ვარდნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად, გზავნილებზე, ლარი მის ტრენდს მარტის დასაწყისიდანვე აჰყვა და გაუფასურდა.

ექსპორტი – თებერვლის ბოლოდან მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობების შემცირების შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა ქართულ ექსპორტზეც.

იმპორტი – მასობრივი გაურკვევლობისა და იზოლაციის ფონზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა იმპორტის კლებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ნაკადების გადინებას ამცირებს.

“საზოგადოება და ბანკების” განმარტებით, ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის გამყარებება გამოიწვია.

წლის დასაწყისთან შედარებით, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 11%-ითაა გაუფასურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები