შსს: UCKEBA-ს სახელით დაგზავნილი სმს-ები “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აბონენტებისთვის გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, UCKEBA-ს სახელით გაგზავნილი შეტყობინებები “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ სიცრუეა.
“ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”.
ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებენ შსს-ში.