მექასა და მედინაში 24-საათიანი “კომენდანტის საათი” დააწესეს
საუდის არაბეთის მთავრობამ, მექასა და მედინაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 24-საათიანი “კომენდანტის საათი” დააწესა, – ნათქვამია სამეფოს შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების თანამშრომლებისთვის, საკვების შეძენისა და სამედიცინო დახმარების მიღების მსურველთათვის.
ავტომობილებს შეეძლებათ მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა, – წერს Reuters-ი.
ერ-რიადში, მექაში, მედინასა და ჯიდაში შესვლა და გამოსვლა მკაცრად შეზღუდულია. მექასა და მედინაში ზოგიერთი რაიონი მთლიანად ბლოკირებულია, თუმცა ცალკეულ რაიონებში “კომენდანტის საათი” ადგილობრივი დროით 15:00 – 06:00 საათამდე მოქმედებდა.
ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საუდის არაბეთმა საერთაშორისო და შიდა ავიარეისები შეაჩერა, შეწყდა მატარებლების, ავტობუსებისა და ტაქსის გადაადგილება, დახურულია მეჩეთები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
საუდის არაბეთში კორონავირუსის 1720 დადასტურებული შემთხვევაა, 264 გამოჯანმრთელდა.