კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი იცვლება – თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვის შეამოწმებენ ვირუსზე
კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი იცვლება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
“სამი პაკეტი შეიქმნა ალგორითმში – პირველი დარჩა უცვლელი, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ, კვლავ ექვემდებარებიან ტესტირებას – ესენი არიან პირები, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი თუ სხვა, ასევე, აუცილებლად რისკის ქცევა – მოგზაურობა უცხოეთში, ან უცხოელის სტუმრობა, ან კონტაქტი ავადმყოფთან.
ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ არიან რისკის ქცევებით, მაგალითად – პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. ეს პიროვნებაც ექვემდებარება გამოკვლევას, ოღონდ გარკვეული პირობებით.
მესამე პაკეტი: ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვთ სიმპტომები, მაგრამ რისკის ფაქტორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურა, მაგრამ არსად უმოგზაურია, არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა“, – განმარტა ცერცვაძემ.
თამუნა შეყილაძე