გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, 2 მილიარდი ლარი გამოყო
საქართველოს პრემიერმინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით – თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით – 21:00 საათის შემდგომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ – ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისა და, პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ეკონომიკის მხარდასაჭერად.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.
„პირველ ყოვლისა, გვესმის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიზისი, ყველა სხვა კრიზისისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როგორც ხანგრძლივობის, ისევე, ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, იძულებული ვართ და ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა, კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომლებიც წლის დასაწყისში ჰქონდა.
„ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს 2 მილიარდი ლარი. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს 2 მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ და გამოყოფილ თანხას Covid 19-ის წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.
„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.
ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი Covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს და მთავარია, რომ თანხები მიმართულია, რათა მაქსიმალურად ეფექტური ბალანსი იყოს შენარჩუნებული როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით.
„საბოლოო ჯამში ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი იყოს მინიმალური და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. მინდა თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც ითვალისწინებს ასევე კრიზისული ბიუჯეტი და აქ ასობით მილიონზეა საუბარი. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გამოწვევა მდგომარეობს შემდგომში, რომ რთულია კონკრეტული და ძალზედ მაღალი ხარისხის პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახლდეთ რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტის და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და ასევე, ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.