ქუთაისის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალაქის შემოსასვლელი საკონტროლო პუნქტები მოინახულეს

ქუთაისის მერმა – გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად, ქალაქის შემოსასვლელებში გახსნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ქუთაისის ყველა შესასვლელთან შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებასა და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. აქვე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

“ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეები დაემორჩილონ კარანტინის დროს მოქმედ წესებს, მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება და დარჩნენ სახლებში. ქუთაისის ყველა შემოსასვლელში მკაცრად გაკონტროლდება ქალაქში მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსებით შემოსული ყველა მგზავრი. ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან ახლა დგას ჩვენი ქვეყნის პოლიცია და თავდაცვის ძალები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ პირნათლად. მთავარია, დავემორჩილოთ წესებს”, – განაცხადა  გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტის 08:00 საათიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები. მოქალაქეებს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს ე.წ. „კომენდანტის საათი“, დროის ამ მონაკვეთში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები