ლევან გოფოძე: შიდა გადაცემა დაფიქსირდა უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს

“კორონავირუსის შიდა გადაცემა უკვე დაფიქსირებულია, ამიტომ ყველას, სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული ჟურნალისტების ჩათვლით, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

გოფოძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს – დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია, რადგან კონტაქტების დადგენა ადვილია. შიდა გადაცემის დროს კონტაქტების დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება, ვისგან მივიღეთ არ ვიცით და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. საგანგებო სიტუაციების გამკაცრების მიზეზი ისაა, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

უსიმპტომო პაციენტიდან კორონავირუსის გადადების რისკი მაღალია. უსიმპტომო პაციენტი ინფიცირებულია, მაგრამ სიმპტომები არ აქვს. სამწუხაროდ, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობა ან მსუბუქი ფორმები, რასაც შეიძლება, ადამიანი ყურადღებას არ აქცევდეს, რომ ინფიცირებულია. სწორედ ამიტომ არის, რომ საუკეთესო საშუალება დისტანცირებაა. გრძნობ თუ არ გრძნობ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავი. დაიცავი შენი თანამოქალაქეები, თანამოძმეები შენი კონტაქტისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები