იმნაძე ბცჟ-ს აცრაზე: თუ ეს ჰიპოთეზა მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ბცჟ-ს აცრა ადამიანებს გარკვეულწილად კორონავირუსისგან იცავს.

როგორც იმნაძე განმარტავს, ეს ჯერ მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული არაა და თუ მართალი აღმოჩნდება, საქართველოს მოქალაქეები გაცილებით უფრო დაცულები იქნებიან, ვიდრე – სხვები არიან სხვა ქვეყნებში.

„პირველი ინფორმაცია რაც გამოქვეყნდა, იყო წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის შესახებ, რომ განსაკუთრებით წითურას კომპონენტი იყო დამცველობითი ეფექტის მქონე არა იმით, რომ ავად არ ხდებოდნენ, არამედ იმით, რომ ადვილად გადაიტანდნენ. ბცჟ-ზეც ასეთივე ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ აცრილებს ნაკლებად ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ.

ეს ორი ჰიპოთეზა, რომელიც არ არის ჯერ მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული. თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია წითლა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით მოცვა, განსაკუთრებით კი ახალგაზრადა თაობისა. პრაქტიკულად, ყველაა აცრილი ბცჟ-თი და ეს არაა მარტო ახალი თაობა, ძველი თაობაცაა. ასე, რომ თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები