მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ნაწილი ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში დაინფიცირების პირველწყარო ცნობილი არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე, ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ამ სამის კორონავირუსით დაინფიცირების წყარო ცნობილია, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს – რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო ცნობილი არ არის.
“დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული, გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომაროება არც ერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.