ფოთის ორივე შესასვლელთან ე.წ საპოლიციო ბლოკპოსტია მოწყობილი და ავტომანქანების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს
ფოთის ორივე შესასვლელთან ე.წ საპოლიციო ბლოკპოსტია მოწყობილი და შესასვლელ-გასასვლელში ავტომანქანების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრაილერებსა და უცხოელ მძღოლებს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შემოწმებას შსს-ს წარმომადგენლები ახორციელებენ.
“ქალაქში მაქსიმალურად მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გასცა ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. მიმდინარეობს ყველა პრევენციული სამუშაოები. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ, განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე, არ გამოვიდნენ სახლებიდან. მაგრამ მინდა გითხრათ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქალაქი სანავსადგურო ქალაქს წარმოადგენს, მაინც შეიმჩნევა მოსახლეობის გადაადგილება სამუშაო ადგილებზე და მაქსიმალურად დაცული რომ იყოს თითოეული მოქალაქე ვირუსის გავრცელებისგან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში შეიქმნას ბლოკპოსტები შსს-ს წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულ ბლოკ-პოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი მანქანების შემოწმება. განსაკუთრებით კონტროლზეა სატვირთო მანქანების და უცხოელი მძღოლები და ვფიქრობ, შედეგად მინიმუმამდე იქნება შემცირებული ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
მერიის ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება. გამაფრთხილებელი სტიკერები გაიკრა სასურსათო მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა ობიექტებზე.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.