გიორგი მიქაუტაძე: მიუხედავად გლობალური პრობლემისა, ქართული სასამართლო შექმნილ ვითარებას მომზადებული შეხვდა
“ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მიქაუტაძემ თითოეულ ადამიანს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, მადლობა გადაუხადა.
“ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებითა და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს – მზად ვართ მისი მართვისთვის.
ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას ჯანმრთელობას და ვიცავთ მათ უსაფრთხოებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ამავდროულად, ვცდილობთ, კოორდინებულად ვიმუშაოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს სამართალწარმოებას და არ დაირღვეს მოქალაქეთა უფლებები.
მადლობას ვუხდი თითოეულ მოსამართლეს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც კარანტინის ზონაში ახორციელებენ უფლებამოსილებას და არ უშინდებიან არსებულ გამოწვევებს. მადლობა სასამართლოს აპარატს და ყველა თანამშრომელს – მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უწყების წარმომადგენელს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას”, – წერს მიქაუტაძე.