შოთა რეხვიაშვილი: არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარებები

“დღეს, გუშინდელი მომართვიანობიდან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და 7 პაციენტთან რამდენიმე საათში თბილისიდან დასკვნებს ველოდებით”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის ბლოკპოსტთან ჟურნალისტებს განუცხადა.

რეხვიაშვილმა მოსახლეობის დახმარების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო,რომელთაც სოციალურად უჭირთ. მისივე განმარტებით, მოლოდინი, რომ ეს დახმარება ყველას ეკუთვნის მცდარია.

“არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარებები. ხაზგასმით ვამბობ, რომ 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებას ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიან მოსახლეობას არ ეკუთვნის და, ბუნებრივია, ვერც გავწვდებით. ერთ სოფელში ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ,  ძნელი ამოსახსნელი არ არის – ვინ, მცდარი ინფორმაცია მიუტანა მოსახლეობას და თქვა, რომ 50 ლარიც რიგდებოდა, რაც არასწორია და ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ცოტა უფრო მეტად სახელმწიფოებრივები იყვნენ”, – განაცხადა რეხვიაშილმა.

შეგახსენებთ, მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები