შოთა რეხვიაშვილი: თუ არ დავემორჩილებით მითითებებს, მოგვიწევს კვირეები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა
“გუშინდელი ინფორმაციიდან დადასტურდა შიდა გადაცემები და არ არის დადგენილი წყარო, ამიტომ, თუ არ დავემორჩილებით მითითებებს მოგვიწევს კვირეები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა”- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულის შესასვლელთან მოწყობილ ბლოკ-პოსტთან განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა მცდელობა და ყველა დაგეგმილი პრევენციული ღონისძიება, რაც შეთანხმებულად ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის და ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით ხორციელდება, იქნება ფუჭი თუ ხალხი არ იქნება ადეკვატური.
“მინდა, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქალბატონზე, რომლსაც დაუდასტურდა COVID- 19 -ი. ეს იყო ბოლნისის მობილური ჯგუფიდან გამოვლენილი და გადაყვანილი ჰოსპიტალში, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ერთობლივად, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და დაავადების ეროვნულ ცენტრთან ერთად, არის აუცილებელი და საჭირო საკითხი. ამიტომ, ბოლნისში მობილური ჯგუფები 15-დან გაიზარდა 21 ერთეულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, ჩვენ ალბათ ორივე მუნიციპალიტეტიდან 100 000 ადამიანის ზღვარს გადავალთ, სადაც შემოწმებული იქნება ხალხი. თუმცა, ყველა მცდელობა და ყველა დაგეგმილი პრევენციული ღონისძიება, რაც შეთანხმებულად ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის და ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით ხორციელდება, იქნება ფუჭი თუ კიდევ უფრო მეტად არ იქნება ხალხი ადეკვატური. ამიტომ, ყველას მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება მოითხოვს, რომ დავემორჩილოთ მითითებებს”,- განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პირი რჩება.