ბოლნისში სკრინინგი 13 435 პირს ჩაუტარდა, მათგან 4 საეჭვო სიმპტომებით კლინიკაშია გადაყვანილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამედიცინო შემოწმება 13 435 პირს ჩაუტარდა, ოთხი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაშია გადაყვანილი, 259 თვითიზოლაციაშია.  ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.

„დაკომპლექტებული იყო 15 ჯგუფი, რომელთა ნაწილი ჩვენი სოფლის ექიმები და ოჯახის ექიმების იყვნენ. მოხდა ამ ექიმების შემოყვანა, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა, გუშინდელი დღის ბოლო მონაცემებით, უკვე შემოწმებულია 13 435 ადამიანი. გუშინდელი მდგომარეობით, სკრინინგით გამოვლენილია ოთხი ადამიანი და ველოდებით ამ ოთხი ადამიანის პასუხს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვყავს 259 ადამიანი, რომელიც გადის თვითიზოლაციას. აქედან არის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები, უმრავლესობა არის უცხოეთიდან შემოსული ბოლო 14 დღის განმავლობაში. ვაპირებთ სამედიცინო შემოწმების გაგრძელებას და თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმებას, ხომ არ არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 22 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი გამკაცრებულია და ორივე მუნიციპალიტეტი დროებით ჩაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები