ლევან რატიანი: დღეს მოვიდა ყველა უარყოფითი პასუხი და რამდენიმე ათეულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 57 პაციენტი იმყოფება, მათგან 13 – დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.

„დღეს მოვიდა ყველა უარყოფითი პასუხი და რამდენიმე ათეულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა, გადავიდა საკარანტინო ზონაში. დღეს გაგზავნილი გვაქვს ახალი ნიმუშები და ველოდებით დღის ბოლოსთვის ბიოლოგიური მასალის ტესტის პასუხებს“, – განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, ახალშობილების მდგომარეობა სტაბილურია და მათგან ერთის პასუხები გუშინ უკვე მიიღეს და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება ორს – რატიანი ამბობს, რომ ტესტის პასუხებს დღის ბოლოსთვის ელოდებიან.

„სტაბილურია სამივეს მდგომარეობა, ემორჩილება დაწყებულ მკურნალობას“, – განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, ორსულ პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„ორსული გოგონა არის ვირუსით ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ არის დაავადებული, ვინაიდან ამ ეტაპისთვის კლინიკური სიმპტომატიკა, პათოლოგიური მდგომარეობა არ ვლინდება. ვინაიდან არ ვიცით ამ ვირუსის ბიოლოგიური სტრატეგია, ვაკვირდებით განყოფილებაში ინფექციონისტსა და მეანგინეკოლოგთან ერთად“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები