ეკატერინე ტიკარაძე: ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტების ხარისხთან პრობლემები შეიქმნა, საქართველომ ხელშეკრულება გააუქმა

“ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან (Shenzhen Bioeasy Technology), რომლის ტესტების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, საქართველომ ხელშეკრულება გააუქმა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ თავად გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც იყო გაყიდული.

„ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ კომპანია “ბიოისმა” (Shenzhen Bioeasy Technology), იქედან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით, ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული ყველა ტესტი დაკვირვებას გადის. მისივე თქმით, კომპანიასთან Shenzhen Bioeasy Technology საქართველოს თანხაც არ გადაურიცხავს. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთანაც.

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა.

თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში. ხელშეკრულება არის ანულირებული. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო – 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების მიმართ სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, შევიძენთ დამატებით რაოდენობას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები