30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებელებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგნის გამოცდის, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე  – საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს.

პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები