შოთა რეხვიაშვილი: სამედიცინო შემოწმება მარნეულში 15 000, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანს ჩაუტარდა

“მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, ჯერჯერობით, არცერთ ადამიანს დაუდასტურდა.

„რაც შეეხება ტესტირებებს – საველე ჰოსპიტლიდან აღებული ნაცხების პასუხები, ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტლის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ, რიგები არ არის. მომართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმშია და კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. საკარანტინო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. დღეს ჩვენი მობილური ჯგუფები ორივე მუნიციპალიტეტში აგრძელებენ ტესტირებას. მარნეულში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა. მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არავითარი სიმპტომატიკა გამოხატული არ ჰქონდათ და გამორიცხული იყო კორონავირუსთან კავშირი. ბოლნისში შემოწმდა 3 400 ადამიანი და იქაც არავითარი გართულება არ ყოფილა. ამდენად რამე ცუდი მოლოდინი დღეს არ გვაქვს”, – თქვა შოთა რეხვიაშვილმა.

მისი ცნობით, დღეს 10 000 პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარები იმ ადამიანებს დაურიგდებათ, რომლებსაც საკარანტინე ზონაში უწევთ საქმიანობა.

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დღეს მივიღეთ 10 000 ნიღაბი და საჭირო აქსესუარები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განაწილდა და, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებს დაურიგდა, ვისაც ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა უწევს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები