ქართველი სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

ქართველი სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურებიან.

„ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყოთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები – კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი “ერესთა ერესს” უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.
უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათებელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამიანის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და, რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე, როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის 25.03.2020-ის განცხადებას.
1. რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია, ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ- მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფლის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).
2. ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება, უპირველეს ყოვლისა, მისტიკური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.
3. თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ“- ნათქვამია განხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სასულიერო პირები: არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი,იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ლევან მათეშვილი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი,
დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე, დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე , მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია ,
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი ,
მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე , მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.
თეოლოგები: ნინო საყვარელიძე, თამარ გოგუაძე, ლევან ბუკია,
შოთა კინწურაშვილი, გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი), გიორგი ხუბულური
მიქაელ ბაქრაძე, საბა კევლიშვილი ,ეკა ჭყოიძე,ვლადიმერ წითლიძე,
კახა კურტანიძე, ვლადიმერ ნარსია, გურამ ლურსმანაშვილი,
ლაშა ჯიხვაშვილი, დავით ჩიკვაიძე, ბექა მინდიაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა მიუღებელია.
გუშინ საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში წერია, ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.
„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ:
ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).
დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეს
ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ“- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას მათთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები