ლალი ტურძელაძე: ჩვენს კლინიკაში მოთავსებული 80 და 62 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 80 და 62 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული 55 პაციენტიდან ამ ეტაპზე კორონავირუსი 12 ადამიანს აქვს დადასტურებული.

„ამ წუთში, ჩვენს კლინიკაში არის 55 პაციენტი, აქედან 12 არის დაინფიცირებული კორონავირუსით.

ერთი ქალბატონი, მანამდე ვინც ჩამოვიყვანეთ მარნეულიდან, აპარატზეა გადასული. მისი მდგომარეობა მძიმეა. დღეს გვქონდა განხილვა და პარამეტრები მცირედ გაუმჯობესდა, მაგრამ ისევ მძიმედ რჩება. მოხსნა აპარატიდან ვერ ხერხდება. მის შემდეგ კიდევ შემოვიდა 4 პაციენტი მარნეულიდან, 3 ქალი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. მათგან დედა და ორი შვილია. თავს ცუდად არ გრძნობენ, მაგრამ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პნევონიაა მათთან კარგად გამოხატული. რაც შეეხება მათ ნათესავ ქალს – მასთან მდგომარეობა უკეთესია.

აქედან, როგორც აღვნიშნე, 80 და 62 წლის პაციენტების მდგომარეობაა მძიმე. 80 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე იყო შემოყვანისას, კიდევ უფრო დამძიმდა და აპარატულ სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ახლაც მძიმეა მისი მდგომარეობა. ყველაფერი კეთდება, რეანიმაციული ბრიგადა მთელი დატვირთვით მუშაობს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ მძიმეა ორივე შემთხვევა“, – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები