UNICEF: COVID-19-მა ზოგი ბავშვი უფრო დაუცველი გახადა

COVID-19 პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების გამო, მსოფლიოში ასობით მილიონი ბავშვი, სავარაუდოდ, დადგება მათი პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელყოფის გაზრდილი საფრთხის წინაშე და ამ საფრთხეებს შორისაა ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობა, გენდერული ძალადობა, ექსპლუატაცია, სოციალური გარიყვა და მომვლელებისგან დაცალკევება, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF ) აცხადებს.
გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, დაიცვან და უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაავადებით გამოწვეული სულ უფრო მზარდი სოციო-ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
„გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „ჰუმანიტარულ საქმიანობაში ბავშვთა დაცვის ალიანსიდან“ მის პარტნიორებთან ერთად, გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ნუსხა ქმედებებში ჩართული ორგანიზაციებისა და ქვეყნების მთავრობების დასახმარებლად.

COVID-19-მა სულ რამდენიმე თვეში შეცვალა ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრება მთელ დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოღება აუცილებელი იყო, საკარანტინე ზომებმა, როგორიცაა სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა, დაარღვია ბავშვების ჩვეული რუტინა და მათი მხარდაჭერის სისტემები. ეს ასევე, დამატებით სტრესს უქმნის ბავშვის პატრონებს, რომელთაც შეიძლება უწევთ სამსახურების გაცდენა.

COVID-19-თან დაკავშირებულმა სტიგმამ ზოგი ბავშვი უფრო დაუცველი გახადა ძალადობისა და ფსიქოლოგიური სტრესისაგან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განცხახდებით, ამავე დროს, ღონისძიებებმა, რომლებიც არ ითვალისწინებს ქალებისა და გოგონების გენდერულ საჭიროებებსა და უსაფრთხოების საკითხებს, შეიძლება, ასევე, გაზარდოს მათი სექსუალური ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ბავშვთა ქორწინების რისკები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მაგალითად, ჩინეთიდან ბოლოდროინდელი ფაქტები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
„ხშირ შემთხვევაში, ეს დაავადება უკვე აღწევს იმ ბავშვებსა და ოჯახებამდე, რომლებიც საკმაოდ მოშორებულები არიან პირდაპირ ინფიცირებულ პირებს“, – ამბობს კორნელიუს უილიამსი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
„იკეტება სკოლები. მშობლებს უჭირთ ბავშვების მოვლა და ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. იზრდება რისკები ბავშვთა დაცვის კუთხით. ამ ინსტრუქციებში მოცემულია იმ პრაქტიკული ზომების ჩამონათვალი მთავრობებისა და ბავშვთა დაცვის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომლებიც შეიძლება, გატარდეს ბავშვების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის ამ გაურკვევლობის დროს.“.

ორგანიზაციის ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ადრე დამდგარი კრიზისული მდგომარეობების დროს ხშირად ხდებოდა ბავშვების ჩაგვრა და ექსპლუატაცია.
„მაგალითად, 2014-2016 წლებში, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო, სკოლების დაკეტვის დროს მკვეთრად მოიმატა ბავშვთა შრომის, მათი უგულებელყოფის, სექსუალური შევიწროებისა და არასრულწლოვანთა ორსულობის შემთხვევებმა. სიერა ლიონეში არასრულწლოვანთა ორსულობის სიხშირე თითქმის გაორმაგდა ეპიდემიის წინა პერიოდთან შედარებით და 14 000-ს მიაღწია“, –  აცხადებენ ორგანიზაციაში.
რეკომენდაციებში „ალიანსი“ აღნიშნავს, რომ მთავრობებმა და ბავშვთა დაცვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის ყველა ღონისძიებაში, მათ შორის უნდა მოხდეს:

• ჯანდაცვის, განათლებისა და ბავშვთა მომსახურების მუშაკების მომზადება ბავშვთა დაცვის საკითხებში COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შესახებ, სექსუალური ექსპლუატაციისა და შეურაცხყოფის პრევენციის ჩათვლით და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხო შეტყობინებები;
• გენდერული ძალადობის მსხვერპლთან პირველად შეხებაში მყოფ პირთა მომზადება, როგორ მართონ გენდერული ძალადობის გამოვლენილი შემთხვევები და ითანამშრომლონ ჯანდაცვის მუშაკებთან გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად;
• მეტი ინფორმაციის გაცვლა ბავშვების რეფერალურ და სხვა მხარდამჭერ სერვისებზე;
• ბავშვების, განსაკუთრებით მოზარდების, შეფასება, თუ რა განსხვავებულ გავლენას ახდენს მათზე COVID-19, რათა მოხდეს შესაბამისი პროგრამებისა და ადვოკატირების კამპანიების წარმართვა;
• დროებითი ცენტრების და ოჯახების, მათ შორის, სადაც ოჯახის უფროსი ბავშვია, და მიმღები ოჯახების, დახმარება ბავშვების ემოციური მხარდაჭერისა და მათი ასაკისთვის შესაფერის თავის მოვლის საქმიანობაში ჩასართავად;
• ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა შეიზღუდა;
• კონკრეტული ღონისძიებების გატარება ბავშვისა და ოჯახის ერთმანეთისგან დაშორების აღსაკვეთად და იმ ბავშვებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომლებიც მარტო დარჩნენ მშობლის ან სხვა მომვლელის ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების გამო; და
• გარანტირება, რომ დაავადების კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების დროს ბავშვთა დაცვას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები