სოზარ სუბარი: მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ცხოვრება, მთლად ჩვეული რიტმით არა, მაგრამ მაინც ნორმალურ ფარგლებში გრძელდება.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მარნეულსა და ბოლნისში სიმშვიდეა.

„სიმშვიდეა, პირველი დღის გაურკვევლობამ გაიარა და მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ცხოვრება გრძელდება, მთლად ჩვეული რიტმით არა, მაგრამ მაინც ნორმალურ ფარგლებში. ითქვა, რომ გუშინ, 20 ათასი ადამიანი შემოწმდა, გამოიკითხა. დაბალი სიცხე მხოლოდ 25 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც ორი საეჭვო სიმპტომებით იყო, თუმცა ორიდან ერთი უკვე გაწერილია, მეორეს, სავარაუდოდ, სახლში მალე გაუშვებენ, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებები არ არის. ქალბატონი, რომელიც ამ შემთხვევაში გახდა წყარო, მისი 90 კონტაქტიდან ნახევარზე მეტი უკვე შემოწმებულია და ჯერ მხოლოდ ოთხი ადამიანია, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, დანარჩენზე პასუხი უარყოფითია ისევე, როგორც უარყოფითია პასუხი სამ უცხოელზე. ისინი  მძღოლები არიან, ამ რეგიონში ტრანზიტულად მოხვდნენ და გარკვეული სიმპტომები ჰქონდათ, რაზეც შეიძლება გვეფიქრა, რომ იყო ამ დაავადების სიმპტომები. უარყოფითია ასევე პასუხი ჩვენი ქვეყნის ერთ მოქალაქეზე, რომელსაც მოგზაურობის ისტორია თურქეთში ჰქონდა, ისიც არის მძღოლი, გადამზიდავი, მასაც ჰქონდა სიმპტომები, მაღალი სიცხე, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დაავადებასთან და ეს არ ეხება კორონავირუსს, რაც არის დადგენილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები