ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა
“მარნეულსა და ბოლნისში მშვიდი ვითარებაა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან მშვიდად ეკიდებიან იმ ვითარებას, რომელიც დღეს ამ ორ რაიონშია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა.
“მარნეულსა და ბოლნისში მშვიდი ვითარებაა. ჩვენი მოქალაქეები ძალიან მშვიდად ეკიდებიან იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის მარნეულსა და ბოლნისში. მთავრობის სახელით მათ მადლობას ვუხდი, ვინაიდან ეს შეზღუდვები აუცილებელია თითოეული მათგანისთვის და, ასევე, მთლიანად მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის.
ჩვენ ორივე რაიონში დავიწყეთ შემოწმებები, დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 000-ზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვას, უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 20 000 ადამიანიდან მხოლოდ 25 პირს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ ორი და შესაბამისად ისინი მარნეულში, საავადმყოფოში არიან მოთავსებული, თუმცა ამ მიმართულებითაც არის დადებითი ვითარება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.