ჩხოროწყუში საბავშვო ბაღებში არსებული სურსათის დარიგება მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საბავშვო ბაღებში არსებული სურსათის დარიგება მიმდინარეობს.

როგორც ჩხოროწყუს მერის მოადგილე ვალერი თოდუამ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ჯამურად, 6 000 ლარის ღირებულების საკვები 65 ოჯახზე გადანაწილდა.

“ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, არის საგანგებო მდგომარეობა. საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. საბავშვო ბაღებში მუშაობის შეწყვეტის პირობებში, ჩვენ მივიღეთ გონივრული გადაწყვეტილება, რომ ბაღებში არსებული მთლიანი დასაწყობებული პროდუქტი, მათ შორის მალფუჭებადი, აღგვერიცხა და დაგვერიგებინა იმ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის – მრავაშვილიანებისთვის, ვისი აღსაზრდელებიც ჩვენს ბაღებში ირიცხებიან. ასეთი, სულ 65 ოჯახი შეირჩა. ჯამურად, 6 000 ლარის პროდუქციაა“, – განაცხადა ვალერი თოდუამ.

მერის მოადგილის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან სოფლის წარმომადგენლები, რომელსაც მერია უწევს კოორდინირებას. პროდუქტის გაცემის გადაწყვეტილება, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება.

შეგახსნებეთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები