ირაკლი ჩიქოვანი: მოქალაქეების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ამიტომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” ტელეგაკვეთილები დაიწყება
“ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ზუსტად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” ტელეგაკვეთილები დაიწყება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ტელეგაკვეთილები ყველა კლასის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, მისთვის საჭირო საგანმანათლებლო ინფორმაცია დისტანციურად მიიღოს.
„როგორც იცით, სწავლა შეზღუდულია როგორც სკოლებში, ასევე – უმაღლეს სასწავლებლებში. ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა სკოლებთან მიმართებით იყო გარკვეული შეზღუდვები, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ზუსტად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება ტელეგაკვეთილები, რომლებიც ყველა კლასის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მიიღოს მისთვის საჭირო საგანმანათლებლო ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.