ამირან გამყრელიძე ვაშაძეზე: შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რაც მისი საქმე არაა, იმაში ჭკუას ნუ გვასწავლის

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამოსაკვლევი სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით სახელმწიფოს თავისი განრიგი აქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძე პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

“არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ბატონი გიორგი ვაშაძე ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, მომწონს ხანდახან მისი გამოსვლები, რიტორიკა, კარგად მსჯელობს; მაგრამ, ბოდიში და, რაც მისი საქმე არაა, იმაში, მოდით, ჭკუას ნუ გვასწავლის. სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი.
ტესტი კორონავირუსზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ინიშნება ექიმის დანიშნულებით, რეცეპტითაა ეს ტესტი. ტრამპი 48 საათის მანძილზე ელოდებოდა პასუხს.
მე ვიცი, რომ ტესტები სამინისტროს შეკვეთილი აქვს. სამთავრობო დონეზე მიდის მოლაპარაკება. არის ეს მოლაპარაკებები და კონტრაქტები დადებული ჩინეთთან. ამ კვირაში შემოვა, განრიგიც გვაქვს – დაახლოებით, როდის და რამდენი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გამოსაკვლევი პირველი სწრაფი ტესტი ჩამოიტანეს. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და კორონავირუსზე სწრაფი ტესტიც ჩაიტარა. მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა დღეს არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი გახადონ სწრაფი ტესტები. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა სურდა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები