დავით ზალკალიანი: საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარებიან, მათ შორის – პროდუქტების მომარაგებისა და თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში

“ჩვენი საელჩოების თანამშრომლები მთლიანად ფოკუსირებული არიან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარებიან, მათ შორის – პროდუქტების მომარაგებისა და თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში.

„დიპლომატების, თანამშრომლების რაოდენობისა და ფინანსური რესურსების თვალსაზრისით ჩვენც შეზღუდული ვართ, მაგრამ, ამის მიუხედავად, 24-საათიან რეჟიმში გადასული ჩვენი თანამშრომლები მთლიანად ფოკუსირებული არიან საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით იქ დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს თუნდაც პროდუქტის მომარაგებით. ასევე, ჩვენი საელჩოების რესურსების და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეხმარებით მათაც, თუ ვინმეს შეექმნა თავშესაფრის პრობლემა. ჩვენი დიპლომატებიც საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. არ გვინდა, რომ საელჩოს მთლიანი პარალიზება მოხდეს, ამიტომ ისინი ენაცვლებიან ერთმანეთს და 2-3 კაციანი მორიგეობაა დაწესებული. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კონსულტაცია თბილისიდან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები