„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე.წ. არჩევნებს აფასებს
აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი, – ასე აფასებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებს.
გამახარიას განცხადებით, მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანლების გახშირებული ცვლა სოხუმში, წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს.
„22 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქართული სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთი, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მსგავს „არჩევნებს“, რადგანაც ის ტარდება რუსული ოკუპაციისა და მოსკოვის მხრიდან ტოტალური კონტროლის, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პირობებში.
მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელების გახშირებული ცვლა სოხუმში წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. „წინასაარჩევნო“ კამპანიის წარმოებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოკუპანტის მხრიდან ჰქონდათ სრული „თავისუფლება“ ერთმანეთს კრემლის ერთგულებაში შეჯიბრებოდნენ, უხვად გაეცათ დაპირებები „სტრატეგიული პარტნიორის“ გულის მოგების მიზნით. სწორედ ამიტომ ყოველი ასეთი „არჩევნები“ იყო და არის ფარსი, ტრაგიკომედია, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის იძულებითი ინკორპორაციისკენ, არსებითად, აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, ქართული სახელმწიფოს მეცადინეობითა და მისი მოკავშირეების თანადგომით ოკუპანტის ეს დანაშაულებრივი გეგმა ვერ განხორციელდება“- აცხადებს გამახარია.
მისივე თქმით, ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, რეგიონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველად კვლავაც რჩება დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა.
„საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცივილიზებულ სამყაროს მოვუწოდებთ მკაცრად დაგმონ ოკუპანტის პოლიტიკა, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონება აფხაზეთში“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 75.68% იყო. ასლან ბჟანიას ე.წ. „სარჩევნო შტაბის“ ინფორმაციით, „არჩევნებში“ მათი „სპარეზიდენტო კანდიდატი“ ლიდერობს და მან ამორჩევლის ხმების 58.47% მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ადგურ არძინბაა 34.7 %-ით.
თამუნა შეყილაძე