სოზარ სუბარი: მარნეულში შექმნილია ჯგუფები, რომლებიც იმ სოფლებისა თუ უბნების შემოწმებას დაიწყებენ, სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ
მარნეულში, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინი მოქმედებს, რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმყოფება.
სუბარის თქმით, მარნეულში შექმნილია ჯგუფები, რომლებიც თავდაპირველად იმ სოფლებისა თუ უბნების შემოწმებას დაიწყებენ, სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და კონტაქტები ჰქონდათ.
“სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო, ესენია მაგალითად: პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი. სხვა არაფერი არ მუშაობს. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ გავიდნენ საველე სამუშაოებზე და შეასრულონ ძალიან მკაცრი წესების დაცვით, მანქანაში არ უნდა იჯდეს 2 ადამიანზე მეტი, არ მოძრაობდნენ მიკროავტობუსები, ავტობუსები და ა.შ. შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც მოხალისეები შედიან, ყველა ჯგუფშია თითო ექიმი, თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ და შეამოწმონ ადამიანები. თავდაპირველად იმ სოფლების თუ უბნების შემოწმებას დაიწყებენ, სადაც ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით შეიძლება ყველაზე მეტი იყოს საფრთხე, სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და ჰქონდათ კონტაქტები, შემდეგ გადავლენ მთლიან მოსახლეობაზე. შექმნილია 40-მდე ჯგუფი მოხალისეების და ჯგუფების შექმნა გრძელდება, რომლებიც სოციალურად დაუცველებს და მოხუცებს დაეხმარებათ, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა აუცილებელი საჭიროება”, – განაცხადა სუბარმა.