მარინა ეზუგბაია: ადამიანი, ვისაც რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ან, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევა აქვს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს ის ადამიანი, ვისაც რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევა აქვს.
„რეკომენდაციები არ შეცვლილა, რადგან ჩვენ შიდა გადაცემაზე, ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ. ამ ინფორმაციის გაჟღერება მოხდება, როგორც კი ცნობილი გახდება.
რეკომენდაცია კვლავ რჩება ის, რომ ყველა პირს, რომელსაც აქვს ცხელება ან მინიმალური რესპირატორული გამოვლინებები, ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია, რომ მოგზაურობის ისტორია ჰქონდეს, ან ჰქონდეს კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, ანუ დადასტურებულ პირებთან. ასეთი პირები განიხილებიან, როგორც შესაძლო შემთხვევა. საქართველოში ცირკულირებს ბევრი ვირუსი, განსაკუთრებით „ა“ ტიპის ვირუსი. ასევე რინო ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ვირუსები, ამიტომ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ავად გახდნენ ნებისმიერი ამ ვირუსით, როდესაც დაეწყება ტემპერატურა და რესპირატორული სიმპტომები, ასეთ პაციენტებთან არაა საფიქრებელი კორონავირუსი, თუ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია და არ აქვთ კონტაქტი ინფიცირებულთან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათგან 3 უკვე გამოჯანმრთელდა.