პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების კონტროლი დაავალა
სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების და უწყებების შესაბამისი სამსახურეობრივი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები განიხილა. პრემიერ-მინისტრის მხრიდან შესაბამისი დავალებები გაიცა.
ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესის და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა, რომ სოციალურ დისტანცირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის შესაბამის დაწესებულებაში იძულებით გადაყვანასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლას და ხაზი გაესვა, რომ გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე; ითქვა, რომ ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების მიმართულებით შეფერხებები არ იქნება და ამ მიმართულებით, მაქსიმალურად გამარტივდება პროცედურები, რათა შეუზღუდავად მოხდეს ტვირთების გადაზიდვა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას საფრთხე არ შეუქმნან.