რუსუდან თევზაძე: ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ ბატონი პრემიერი გახლავთ სახელმწიფოებრიობის სახე
“პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეთა მიმართ დამოკიდებულება, იწვევს ნდობის, სიმშვიდისა და განვითარების პერსპექტივას”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს “შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.
“ძვირფასო ადამიანებო, გულწრფელად ბევრი ვიფიქრე ამ პოსტთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე დავწერო.
ბევრი მიკერძოებულობას დამაბრალებს, ბევრი სუბიექტურობას, ბევრიც არაკომპეტენტურობას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ვერაფერი იმოქმედებს ჩემზე უაროფითად, იმდენად გულწრფელი, ნამდვილი და მხოლოდ პროფესიულ მოტივზე დაფუძნებულია ჩემი აღტაცება პრემიერის ბრიფინგის მიმართ.
ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ ბატონი პრემიერი გახლავთ სახელმწიფოებრიობის სახე. მისი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეთა მიმართ დამოკიდებულება, იწვევს ნდობის, სიმშვიდისა და განვითარების პერსპექტივას, თუმცა ცხადია, მისი ძალისხმევა არაფერი იქნებოდა რომ არა ჩვენი სახელმწიფო უწყებებისა და ცალკეული ადამიანების მართლაც თავდადებული შრომა.
მადლობა თითოეულ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეს, არაჩვეულებრივ პოლიციას, საოცარ ექიმთა გუნდს, პირველ მიმღებ მესაზღვრეებს და კიდევ არ ვიცი რამდენ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა.
ასევე მინდა სურვილი გამოვთქვა, რომ ეს იქნება ის საუკეთესო მაგალითი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულ ოპოზიციას კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”,-წერს რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.