თორნიკე რიჟვაძე: პანიკის საფუძველი არ გვაქვს
აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.
“შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.
ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში 6000-ზე მეტი მოქალაქე ფიქსირდება. სასურსათო პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება და სპეციალურად დატრეინინგებული პირების მიერ განხორციელდება. ტრეინინგი ჩატარდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა და “წითელი ჯვარი”.