სებ-ი: საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ფინანსური სერვისების მიწოდება არ შეიზღუდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სერვისების მიწოდება შეუფერხებლად გრძელდება და არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას.
“ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს ყველა დიდი სავაჭრო ობიექტი და ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები. ამ შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტგადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას. ბანკებს, სგს-ებს, მისოებსა და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. მათ, ასევე, უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას”, – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.