დავით გურგენიძე: ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე ონლაინ სალექციო კურსების კომპონენტი აამოქმედა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ელექტრონული კომპონენტებით სწავლების პლატფორმაზე ონლაინ სალექციო ჩართვების კომპონენტი აამოქმედა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განმარტებით, საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე უკვე „ჩაშენებულია“ ონლაინ სალექციო ჩართვების კომპონენტი.
„დღეის მდგომარეობით, უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობები 1-ელ აპრილამდეა შეჩერებული. 16 მარტიდან ჩვენს ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ, სასურველი სასწავლო მასალა პლატფორმაზე მოიძიონ, გაეცნონ 2 300 სალექციო კურსს, მიიღონ დავალებები და შესრულებული დავალება პლატფორმაზე შესაბამის გრაფაში ატვირთონ. პორტალის ბაზაზე შეტანილია ტექნიკური უნივერსიტეტის უკლებლივ ყველა სტუდენტის მონაცემები. დღეს სტუდენტებს ელექტრონულ პლატფორმაზე ონლაინ სალექციო კურსების კომპონენტის ჩართვას ვთავაზობთ. ეს კომპონენტი უკვე ჩაშენებულია ჩვენს საუნივერსიტეტო პლატფორმაზე და მისი შესაძლებლობების აპრობირება, ამჟამად, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობები საკმარისად დიდია და, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე სტუდენტებს ერთნაირი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტომა, დავით გურგენიძემ.
ცნობისათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე ყოველ ერთეულ ონლაინ სალექციო სესიაზე მონაწილეობის მიღება, ანუ ერთდროულად ჩართვა 100-ზე მეტ სტუდენტს შეეძლება, ხოლო ერთდროულად შესაძლებელია 50 პარალელური ონლაინსესიის ჩატარება ასეთივე დასწრებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შექმნილ ვითარებას მობილიზებული შეხვდა. მიმდინარე წლის 16 მარტიდან სტუ-ში მოქმედებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლების საუნივერსიტეტო პლარტფორმა – elearning.gtu.ge, რომლის ბაზაზეც სწავლების ყველა საფეხურის 23 000 სტუდენტისთვის მომზადებულია 2 300 სასწავლო კურსი, სალექციო თუ საპრეზენტაციო მასალები და დავალებები. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შესაძლებლობა აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული პლატფორმით.
ბოლო მონაცემებით, სტუ-ის საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე უკუკავშირი სტუდენტებსა და ლექტორებს შორის 55%-ს აღემატება.