დიმიტრი ხუნდაძე: დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დრო არაა, ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას
“დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველას სოციალური პასუხისმგებლობა გვმართებს და ახლა სარგებლის ძიების დრო არ არის.
“მსოფლიოში უკვე ინფიცირებულია 176 ქვეყანა. კორონავირუსი დაუდასტურდა 220.000 მოქალაქეს. ევროპაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგა მსოფლიოს.
საქართველოში პირველი შემთხვევიდან 3 კვირა გავიდა. ამ დრომდე ე.წ. შეკავების ფაზა ზიანის გარეშე, წარმატებით გავიარეთ.
შესაძლო ეპიდემიოლოგიური სცენარით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და მისი სიხშირე, გარდა პროცესის სწორად მართვისა, დამოკიდებულია მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რისი დეფიციტიც რიგ შემთხვევებშიც აშკარად შეინიშნება. უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის როლი ამ რთულ ვითარებაში. ბევრი მათგანი სახელმწიფოს და საზოგადოებას თანადგომას უცხადებს, ზოგი კი, ამ რთულ ვითარებაში, მხოლოდ სარგებელს ეძებს.
ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას. დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დრო არ არის”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.