ირაკლი ჩიქოვანი: აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული
“აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის – მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდედ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი.
„ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე სხვადა ორგანიზაციების მხრიდან.
„მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს, ასევე, ის ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს ჩვენი თანამოქალაქეები არ ემორჩილებიან, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისა და სხვენისათვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერის პრესსპიკერის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია დღეიდან გადავიდა მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების განსხვავებულ რეჟიმზე და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავრცელდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის საშუალებით და ყველა მედია საშუალებას ექნება შესაძლებლობა, ეს სიგნალი მიიღოს.