ჰასან როუჰანი: ყასემ სოლეიმანის სიკვდილის გამო ვაშინგტონისთვის პასუხის გაცემა არ დასრულებულა
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის პასუხი გასცა, თუმცა არა საბოლოოდ.
“ამერიკელებმა ჩვენი დიდი გენერალი მოკლეს, ეს პასუხის გარეშე არ დაგვიტოვებია, და არასდროს დავტოვებთ”,– აღნიშნა როუჰანიმ.
როუჰანის სიტყვები ერაყში მდებარე თაჯის ბაზაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის ფონზე გაჟღერდა, რომლის შედეგად აშშ–ის რამდენიმე სამხედრო დაიღუპა და დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ვაშინგტონმა პროირანულ შიიტურ ჯგუფებს დააკისრა, ირანი კი, ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
აშს–მა 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა.
საპასუხოდ ირანმა ერაყში განლაგებულ აშშ–ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.