მცხეთა-მთიანეთში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთში შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, მხარის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით, მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
რეგიონში შემავალ თითოეულ მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. აღნიშნულ ჯგუფებში, ამ ეტაპზე, უკვე 140 ადამიანია გაწევრიანებული. მოხალისეები, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან.
COVID 19-ის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მცხეთა-მთიანეთში სხვა აუცილებელი ღონისძიებებიც განხორციელდა. დეზინფექცია ჩაუტარდა ყველა საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტულ დაწესებულებას. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებები, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.
მუნიციპალიტეტებში დროებით შეჩერდა გარკვეული სერვისების მიწოდება. ასევე, შეიზღუდა მოქალაქეთათვის მომსახურების პირდაპირი წესით გაწევა.
ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა.