თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურების სივრცის მაგიდების მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლმა მომსახურების სივრცის მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო.
შესაბამისი სამუშაოები იუსტიციის სახლში შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და ბარიერების მონტაჟი უკვე დასრულებულია უცხოენოვანი მომხმარებლის მომსახურებისთვის განკუთვნილ და საკონსულტაციო სივრცეებში, ჯამურად, 180 მაგიდაზე. დღეისთვის კი მონტაჟი მთლიანად დასრულდება ხანგრძლივი სივრცის მომსახურების მაგიდებზე. თბილისის იუსტიციის სახლში მინის დამცავი ბარიერი 328 მაგიდაზე დამონტაჟდება. მომსახურების პროცესში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბარიერის შექმნა წარმოადგენს რეკომენდებულ პრევენციულ ზომას.
ამასთანავე, მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდა კლავიატურის დაგრძელებული სადგამით აღიჭურვება, რაც სრულად უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ 1-მეტრიან დისტანციას.
რაც შეეხება სწრაფი მომსახურების სივრცეს, რომელსაც მომხმარებელი მზა დოკუმენტის გასატანად მიმართავდა – 13 მარტს გამოქვეყნებული შეზღუდვების თანახმად, დროებით გაუქმებულია და მზა დოკუმენტების გატანა თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებელს მხოლოდ „ჯასთ დრაივის” სარკმლებიდან შეეძლება, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს.
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღინისძიებების გატარება იუსტიციის სახლმა 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია, დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება. ამასთან, იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, ასევე მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას – სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მარტიდან იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომლის თანახმადაც ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიციის სახლის არცერთი ფილიალი. ასევე, დღეიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანა მხოლოდ „ჯასთ დრაივის” სარკმელებიდან შეუძლიათ. ასევე, დღეიდან, მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმებულია ბავშვთა სივრცეები. მუშაობა შეწყვიტა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეებმა და იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებულმა C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეებმა.
პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი. რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვალა, ხოლო სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა.
აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.