“ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში” – პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადვოკატ კობაიძეს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ჩიდრაშვილი ადვოკატ ალეკო კობაიძეს პასუხობს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, თითქოს მას დაუკავშირდნენ მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საკანში არიან პატიმრები, რომლებსაც აქვთ სიცხე და არ აძლევენ მედიკამენტს.
ჩიდრაშვილი კობაიძეს მოუწოდებს, რომ არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია.
ამასთანავე, ჩიდრაშვილი განმარტავს, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება მომარაგებულია საჭირო მედიკამენტებით.
„ბატონო ალექსანდრე, როგორც N8 პენიტენციური დაწესებულება, ისე საქართველოს ყველა დაწესებულება სრულად უზრუნველყოფილია გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებით, არსებობს მარაგებიც და ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეთ და ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში”, – წერს გიორგი ჩიდრაშვილი.