იტალიაში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა

იტალიის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, ჯუზეპე კონტემ ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა, ზომების გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ დაიხურება ყველა მაღაზია, გარდა – საკვებისა და სააფთიაქო ქსელებისა.

მისი განკარგულებით, დაიხურა სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, მათ შორის – რესტორნები და ბარები.

კონტეს თქმით, ახალი ზომებიდან ეფექტის მიღებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

“თუ მონაცემები კვლავ მზარდი იქნება, რაც გამორიცხული არ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიჩქაროთ ახალი ზომების მიღება. ბრმად უფსკრულში გადავარდნა საჭირო არ არის. საღად უნდა ვიაზროვნოთ და პასუხისმგებლიანები ვიყოთ”, – განმარტა იტალიის პრემიერმა.

მან, ასევე, მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აჰყვნენ, რადგან საკვები პროდუქტების მაღაზიები ღიაა.

დამატებითი ზომების მიღებამდე, იტალიაში სკოლები, სპორტული დარბაზები, მუზეუმები და ღამის კლუბები უკვე დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები